ორი ბათუმი

ეძღვნება forum.ge –ზე ნანახ პოსტს: „დღეს დამესიზმრა ვითომ ბათუმში გადავედი საცხოვრებლად & ძალიან ძალიან ბედნიერი ვიყავი.. ბენეტონში ვმუშაობდი ბათუმის & სულ მარტო ვცხოვრობდი & არაფრის მეშინოდა )))
& თან ჩავედი თუ არა ზაგარი მქონდა ეგრევე ..“


რა მაგარი სიზმარიათქო ვფიქრობდი. არარსებული ფილმის ტრეილერს ჰგავს. წლების წინ, რომელიღაც რუსული არხიდან, წყნარი, მელოდიური მუსიკის ფონზე მესმოდა ფილმის ანონსი, აზრზე არ ვარ რა ფილმი იყო, ტექსტი კი დღემდე მახსოვს: „помнишь когда мы Жили вместе, ты закрывала магазин и мы занимались любовью весь вечер...“ ეს გამახსენდა რატომღაც. ალბათ იმიტომ, რომ ფორუმელის სიზმარიცა და ამ უცნობი ფილმის ტრეილერიც მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების ასოციაციებს იწვევს.



მერე „ზაგარზე“ გამეცინა. რა კარგად ჩანს, რომ ბათუმის მთავარი ტურიტული პროდუქტი ზღვა და ზაგარია. ამ ბოლო ხშირად მესმის, რომ ბათუმში ცხოვრების სურვილი უჩნდებათ ადამიანებს. მიხარია, მაგრამ სულ ვკითხულობ: რატომ გინდათ ბათუმში ცხოვრება? თითქმის ყველას ზაფხული, ზღვა და „ზაგარი“ უნდა. მაგრამ სინამდვილეში ბათუმს მზესთან და „ზაგართან“ სულ სამი თვე აკავშირებს.

ჩემი აზრით, ბათუმის მთავარი მომხიბვლელობა მზე კი არა, წვიმაა. ნეტა იცოდეთ როგორ არ უყვართ წვიმა ბათუმელებს. არადა როგორი ცინცხალია ჰაერი წვიმის შემდეგ. ყველაფერი ხასხასდება, სახლებიცა და ადამიანებიც უფრო მკვეთრად ჩანან, სუნთქვაც იოლდება.

იმას ვამბობდი, ბათუმი ორიათქო. ერთი ჭრელა–ჭრულა, გადაჭედილი პლაჟებითა და ბულვარში მოსეირნე შილიფად ჩაცმული ხალხით სავსე. მეორე წვიმიანი, ნესტით და ნათელი სევდით გაჟღენთილი. და ორივე ნამდვილია.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

ჩემი 90-იანები ...

მე არ მომწონს მათი ბათუმი