ბუხართან მოსაყოლი თოვლიანი ამბები

ბათუმში ბევრი ბლოგერი რომ იყოს, ალბათ ყველანი დღევანდელ თოვლიან დილაზე დაწერდნენ, მაგრამ კატასტროფულად ცოტანი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ დათომ უკვე გამოაცხო თოვლიანი პოსტი, მეც ისეთი თოვლიან–სენტიმენტალური ამბების მოყოლას ვაპირებ, ბუხართან ახლოს ყოფნას, თაფლიანი ჩაის წრუპვასა და იდილიურ სიმშვიდეში შეშის ტკაცუნის მოსმენას რომ მოგანდომებთ.

გუშინ დავადგინე, რომ ყველაზე მკაცრი და თოვლიანი ზამთარი ბათუმში 1911–ში იყო. ორ მეტრზე მეტი თოვლი მოსულა და მთელი ქალაქი თოვლში ჩაიძირა თურმე. მერე მეგობრებმა ფოტოები მომიძებნეს, 1911 –ში გადაღებული. ერთზე ძველი კინოთეტრი, "აპოლო" სჩანს, რომელსაც ახლა "ინტერნაციონალი" ჰქვია და ისე აქვს ფასადი შეცვლილი, ცოტა ვინმე თუ იცნობს. მეორე მარინის პროსპექტზეა გადაღებული და ჩანს რა აკურატულადაა გასუფთავებული ქუჩა.

1924– შიც ცივი ზამთარი ყოფილა ბათუმში. თოვა 30 დეკემბერს დაიწყო და ორ დღეში უკვე ქალაქში გადაადგილება ჭირდა. ამ ზამთარს და ერთ ბათუმელ გოგოს უკავშირდება ესენინის ლექსი, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრმა იცის. шагане ты мая шагане ესენინმა ბათუმელ შაგანე ტალიანს მიუძღვნა, რომელსაც დათოვლილ ბულვარში მარხილით ასეირნებდა და თავის ლექსებს უკითხავდა. მოგვიანებით შაგანე თავის მოგონებებში წერდა, ესენინი ისე ნაზად მექცეოდა, როგორც პატარა ბავშვსო.
ესენინი სულ ორ თვეს დარჩა ბათუმში, მაგრამ კიდევ ერთი გოგონას შეყვარება მოასწრო. "მის ოლი" (ასე ეძახდა თვითონ) 18 წლის იყო, ამბობენ, ისიც მისი მუზა იყოო, თუმცა ვერ ვიპოვე კონკრეტულად მისდამი მიძღვნილი ლექსი.


ჰო. ეს რაც შეეხებოდა ისტორიას. მე კი ყველაზე დიდი თოვლი ბათუმში 1987 – ში მახსოვს, ისიც იმიტომ, რომ მამაჩემმა ფეხი იტკინა და სახლში ტანკით მოიყვანეს, იმხელა თოვლი იყო ქალაქში ტრაქტორის გარდა სხვა ტრანსპორტი არ გადაადგილდებოდა.

წყარო: ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგი, 2010 წლის  27 იანვარი

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

"ბათუმში ბამბა რუმსი გეიხსნა" - ანუ მორიგი "ინტელექტუალური" ხუმრობა ტელე იმედის ეთერში

ჩემი 90-იანები ...