Search This Blog

воскресенье, 27 июня 2010 г.

"რაღაც ნაწილს ახალგაზრდების საბჭოთა მუსიკა გოიმობად მიაჩნდა - ცოტა ვსნობობდით :))"

ვაგრძელებ საინტერესო ინტერვიუების "დაპოსტვას". ამჯერად, გთავაზობთ პატარა დიალოგს ჩემს ფეისბუქელ მეგობართან-ქალბატონ ნანასთან.

- ქალბატონო ნანა, რუსულ მუსიკას არ უსმენთ? მხოლოდ ორჯერ ვნახე ზემფირას ლინკი გედოთ ფეისბუქზე:)

- ახალგაზრა რომ ვიყავი, მაშინ არ ვუსმენდით, ახლა ცუდად ვიცნობ, ზემფირა ვიცი მარტო და მუმი ტროლი, არა, დდტ-ც დამილინკავს და აკვარიუმიც.

- უბრალოდ, მამაჩემიც თქვენი ასაკისაა და რუსულ (საბჭოურ) მუსიკაში კარგად ერკვევა, ყველაფერი არ მოსწონს, მაგრამ რაღაცნაირი ნოსტალგია აქვს:) თქვენ კი ამ ნოსტალგიას ვერ გამჩნევთ, თითქოს საბჭოთა პერიოდში არ ცხოვრობდით. ყველგან, მაგრამ არა იქ:)


- მე უფრო როკს ვუსმენდი, ამერიკულს, ინგლისურს, აი პოეზიას კი რუსულს ვკითხულობდი :)

- როგორ ახერხებდით არ მიგეღოთ ის, რასაც ყველა იღებდა?

- მისმინე, იცი, როგორ იყო? რაღაც ნაწილს ახალგაზრდების საბჭოთა მუსიკა გოიმობად მიაჩნდა - ცოტა ვსნობობდით :)) ზევიდან ვუყურებდით - ვუსმენდით ვუდსტოკის ფესტივალის ჩანაწერებს, ბითლებს, როლინგებს, ზეპელინებს. დისიდენტი არასდროს ვყოფილვარ, მშიშარა ვარ ძალიან და კონფორმული, მაგრამ კომკავშირიც აბსურდად მიმაჩნდა და მამაჩემა რომ მითხრა, პარტიაში შეგიყვანო, სასტიკი უარი ვუთხარი. ჩამოშლილი იყო უკვე ყველაფერი 70-იანებში, მე რომ წამოვიზარდე.
ძლივს ვშოულობდით დისკებს და ჩანაწერებს - მე და ჩემს დას მამა გვეხმარებოდა - ფილარმონიის დირექტორის მოადგილე იყო. მაგრამ რუსული ლიტერატურა, კინო, პოეზია მიყვარდა - ტარკოვსკი მიყვარდა და ხშირადაც ვლინკავ. ახლაც მიყვარს. ინგლისურად პოეზიას ვერასდროს გავიგებ, ნიუანსებამდე არ მესმის ენა, მარტო პრესას და შეიძლება პროზას მოვერიო. და რუსული მშობლიურივითაა თან მაგარი ლიტერატურა აქვთ, ამიტომ ვბრაზობ, კულტურასაც რომ მილანძღავენ ხოლმე :)

-სამჭოთა კავშირში მართლა გაუსაძლისი იყო ცხოვრება? თუ გაზვიადებულია ყველაფერი ის, რასაც დღეს ამბობენ? იყო რამე ისეთი, რაც დღეს გენატრებათ?:)

-ჩვენ გვეგონა მაშინ, რომ გაუსაძლისი იყო. ნამდვილად ასე გვეგონა. ჩემს დროს რეპრესიული მანქანა ისეთი სასტიკი აღარ იყო - იჭერდნენ მხოლოდ აშკარად გამოხატულ დისიდენტებს, მაგრამ ფრთხილად უნდა ყოფილიყავი, რა თქმა უნდა. თუმცა ახლობლებში აღარავის ეშინოდა მთავრობაზე ანეგდოტების მოყოლა.
ყველას გვესმოდა, რომ კომუნიზმის მშენებლობა აბსურდია, ვხითხითებდით კომუნისტებზე. მამაჩემი პარტკომი იყო ერთ დროს და ისიც სულ რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას უსმენდა. ბიძაჩემი ცე-კაში მუშაობდა და ვერ იტანდა კომუნისტებს.
მაგრამ იყო ერთი რამ, რაც მენატრება - გარანტირებული სოციალური გარემო: უფასო სწავლა, მედიცინა, ძალიან დაბალი კომუნალური გადასახადები. ხვალინდელი დღის არ გეშინოდა - ეს შიში კი ძალიან დამთრგუნველია - მე დამღალა.
მე მეგონა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად გაქრებოდა კორუფცია და აღარ იქნებოდა მატყუარა მედია, ცენზურა და იდეოლოგიური ბოდვა.
აღმოჩნნდა, რომ პრესა ისევ ტყუის, კომუნისტური ბოდვა ლიბერალურით შეიცვალა და კორუფცია დარჩა.
არ ვიცი, ბევრი სიგიჟე იყო იმ დროში, მაგალითად, მე გადაცემები არ გამიკეთებია საბჭოთა კავშირის დაშლამდე, არ შემეძლო სოცშეჯიბრებაზე გადაცემების კეთება და მარქსის ხსენება ყველა სტატიის დასაწყისში. მაგრამ ის სიმძიმე ახლა სხვამ შეცვალა - ამდენი მათხოვრის ყურება არ შემიძლია, ამდენი გაჭირვების :(
მენატრება? კი ჩემი ახალგაზრდობა იყო, ოჩი, და ახალგაზრდობა ყოველთვის გენატრება :)

- ძალიან საინტერესოა, მეტს აღარ გადაგღლით. დიდი მადლობა, გაიხარეთ!


1 комментарий:

დატოვე გამოხმაურება :)

<